თელავის 1-ელ ბაგა-ბაღში ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროექტი განხორციელდება
თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თინიკო ხანჯალიაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სკოლამდელ დაწესებულებაში ამ მიმართულებით თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკული მუშაობას შეაფასებენ. სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადება გაიარეს. ხანჯალიაშვილის თქმით, ტრენინგ-კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პორტიჟის ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა, ხელს უწყობს ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროებების მქონე აღსაზრდელებთან გამართულ მუშაობას.
აღნიშნული ტრენინგ-კურსი 6 თვის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც ყველა სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელმა მიიღო შესაბამისი განათლება.
,,ტრენინგი ყველა აღმზრდელისთვის ჩატარდა, მაგრამ როგორ გამოიყენებენ ისინი თეორიულად ნასწავლ მასალას პრაქტიკაში, ამ პროცესს თელავის 1-ელ ბაღში დააკვირდებიან და მუშაობას შეაფასებენ. აღმზრდელებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ უნდა გააუმჯობესონ ამ კუთხით მუშაობა და რა გზითაა შესაძლებელი სამუშაო და სასწავლო პროცესების სწორი ორიენტირება ბავშვის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადამზადების შემდეგ აღმზრდელების ცნობიერება ინკლუზიურ განათლებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ძალიან დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ 1-ლი ბაღის აღმზრდელები, სადაც გაგრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა’’,- განუცხადა Knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა.