ახალი ამბები

ბიზნესმენებს მიწის რეგისტრაციისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის პრობლემა აქვთ

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კერო სექტორის წარმომადგენლებს, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მისივე თქმით, ხარვეზები შეიმჩნევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხითაც; პრობლემები იკვეთება დაბეგვრის საკითხებშიც და ნაკლებია ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობა იმ სხვადასხვა შესაძლებლობასა და პროგრამაზე, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს. 
,,ბიზნესმენებისთვის თბილისსა და რეგიონებში პრობლემები განსხვავებულია. ვიწყებთ სამუშაო რეჟიმში გადასვლას, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული საკითხის შესწავლის შემდეგ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება, თუ საქმე ეხება საკანონმდებლო ან სისტემურ ხარვეზს, გვაქვს ბერკეტი, ვიშუამდგომლოთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას. ეს ინსტრუმენტები დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა უწყების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამის წარმატებული მაგალითებიც გვაქვს. ჩვენი რეკომენდაციების 80% ნაწილობრივ ან მთლიანად არის გათვალისწინებული სახელმწიფო უწყებების მხრიდან“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეგიონებში შეხვედრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით მართავს.