გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა “ილია-ევროპელი” გაიხსნა
გამოფენაზე წარმოდგენილია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას არქივის იმ დოკუმენტების
მიხედვით მომზადებული ფოტომასალა, რომლებიც დაკავშირებულია ევროპასთან. ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს.
“გურჯაანისთვის დღევანდელი გამოფენა საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები ხშირად ჩატარდება. მე და ბატონი ზაზა აბაშიძე უკვე შევთანხმდით, რომ მსგავსი გამოფენა შემოდგომაზეც მოეწყობა გურჯაანში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ბევრ საგანმანათლებლო აქტოვობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიისგან”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
გამოფენა გურჯაანში 1 კვირა გაგრძელდება. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ზაზა აბაშიძის ინფორმაციით, ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
“ილია-ევროპელი” არის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლითაც უნიკალურ მასალებზე დაყრდნობით ილია ჭავჭავაძე წარმოჩენილია, როგორც ევროპული დონის მოაზროვნე რომელიც კარგად იცნობდა ევროპას, ევროპული დემოკრატიის საფუძველს. ის იყო ევროპული გზის პირველი მქადაგებელი. ვგეგმავთ ამ გამოფენით მოვიცვათ მთელი საქართველო“, – აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს ეძღვნება.