ახალი ამბები

გურჯაანის სამ საბავშვო ბაღში საწარმოო პროცესი შეწყდა

სანამ სკოლამდელ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული ხარვეზები არ გამოსწორდება, საწარმოო პროცესი შეწყვეტილია.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმებისას, დაწესებულებებში აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომლებსაც შესაძლოა, საკვები პროდუქტის დაბინძურება გამოეწვია.
“ბაღების სამზარეულოს შემოწმებისას არ მუშაობდა სავენტილაციო სისტემა, რომლის გამოც კედლები და ჭერი ზიანდებოდა და მათზე ობი წარმოქმნებოდა. ნაწილაკების ცვენის საშიშროება იყო. აღნიშნული კრიტიკული შეუაბამობის გამო, საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ”,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და მას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ.