სტატიები

ახმეტაში “ბახტრიონი რიზორთით” ახალი ინვესტორები დაინტერესდნენ

პროექტის განმახორციელებელი კომპანია „White Group“-ის დირექტორი აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობას, სავარაუდოდ, ინვესტორთა ახალი ჯგუფი დააფინანსებს. გიორგი გონჯილაშვილი ამბობს, რომ ამ ეტპზე აღნიშნულ ინვესტორებთან მოლაპარაკება მიმდინარებს, რის გამოც მათ ვინაობას ჯერჯერობით ვერ დაასახელებს. პროექტის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობისთვის საჭიროა 2 წელი. 
„ამ ეტპზე ჩვენ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მათ ვინაობას ჯერ ვერ გავამჟღვანებთ. ბევრია დაინტერესებული ეტაპობრივ ინვესტიციაზე, მაგრამ ჩვენი სურვილია ერთბაშად განხორციელდეს დიდი პროექტი. 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას 2 წელი დასჭირდება. დასაწყისისთვის საჭირო იქნება 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მაგრამ სხვა მიმართულებებით ვგეგმავთ პროექტების განხორციელებას. სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობა, ვენახი, ხეხილის ბაღები და თხილის პლანტაციები გაშენება, ასევე მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობა, საჯინიბე და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ეს არის ძალიან დიდი პროექტი“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას გიორგი გონჯილაშვილი.
გონჯილაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შექმნილი პრობლემების გამო პროექტის განხორციელება ორი წლის წინ შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა ახალმა თვითმმართველობა მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 
„გაუგებარი და აბსურდული მიზეზების გამო ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა. შექმნილი გაუგებრობების გამო პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორ ჯგუფმა“, თქვა უარი. ამჟამინდელი ხელისუფლებისგან გვაქვს ის მესიჯები, რომ მოტივირებულები არიან, ეს პროექტი განხორციელდეს და ისინი ხელს აღარ შეგვიშლიან“, – აღნიშნავს გიორგი გონჯილაშვილი. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „ბახტრიონი რიზორთით“ ახალი ინვესტორები დაინტერესდნენ. მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობისთვის ახალი პირობიანი აუქცინი გამოცხადდება. 
„არ ვიცით ვინ განახორციელებს ამ პროექტს. იყოს საუბარი, რომ ფრანგულ ჯგუფს უნდა განეხორციელებინა ეს პროექტი, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტრიონი რიზორთით ახალი ინვესტორები დაინტერესდნენო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სასტუმროს ასაშენებლად ახალი პირობიანი აუქციონი უნდა გამოცხადდეს. ჯერ არ ვიცი, ახალი აუქციონი როდის გამოცხადდება“, – აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ვაჟა ნასყიდაშვილი. 
სამშენებლო კომპანია “White Group” ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანიის დირექტორისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურული ძეგლის განთავსების ადგილს წარმოადგენს. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტერიტორიის ნაწილი დაკავებულია ძვირფასჯიშიანი მერქნის კორომით, ასევე, მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია ნაძვებით, დანარჩენი კი სოფელ ხორბალოს მოსახლეობისთვის სასაძოვრე ფართებს წარმოადგენს.