ლაგოდეხის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ
გასულ წლის ზაფხულში გველების მომრავლების გამო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რამდენიმე დღისგანმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო, რის შემდეგაც განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ სკოლის პირველ სართულზე მდებარე საკლასო ოთახებში იატაკი გამოცვალა და სარდაფიც ბადეებით შეფუთა. სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, წელს სკოლაში გველები ისევ მომრავლდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„უკვე მესამე სართულამდე ამოდიან, ფოიესა და კიბის უჯრედში მათი ნახვა ჩვეულებრივი ამბავია. რატომღაც მგონია, რომ სკოლის სარდაფში ბუდობენ და კედლებზე არსებული ხვრელებისა და ნაპრალების მეშვეობით შენობაში გადაადგილდებიან”, – განუცხადა პირველ არხს დაწყებითი კლასის პედაგოგმა, იზოლდა ლაბაძემ.
სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ მაისურაძეს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სრული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„რეაბილიტირებულ საკლასო ოთახებში კვლავ ჩნდებიან, რადგან ე.წ პლინტუსსა და კედლებს შორის დარჩენილი სივრციდან ამოძრომას თავისუფლად ახერხებენ. გასულ წელს სპეციალისტები მოვიდნენ, სარდაფიდან ცოცხლები ამოიყვანეს და სპეციალური შესაწამლი სითხე დაგვიტოვეს, გვითხრეს რომ არ არიან შხამიანები, მაგრამ მაინც გვეშინია, მოსწავლეები ზოგჯერ იჭერენ და ერთმანეთს დასდევენ შესაშინებლად. ქვეწარმავლის სკოლაში არსებობა დაუშვებელია, თუნდაც არავის ერჩოდეს”,- აცხადებს თამარ მაისურაძე.