თელავის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს მობილური ტელეფონით სარგებლობა შეუზღუდა
დადგენილების მე-4 მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნულია, რომ პერსონალმა, სამუშაო საათებში, თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა. დოკუმენტის მიხედვით, პერსონალს დაწესებულების ტელეფონი გამოყენება მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის შეუძლია. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, საბავშვო და ბაგა-ბაღების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა ან დიდი ავარიების დროს.
წარმომადგენლობითმა ორგანომ აღნიშნული დადგენილება 2018 წლის 8 თებერვალს მიიღო.