ევროკავშირმა კახეთში სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად პროექტი დაიწყო
პროექტი, რომლის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით განხორციელდება.
ASB – არბაიტერ-სამარიტერ ბუნდის პროგრამის მენეჯერის, ზვიად მოდებაძის ინფორმაციით, პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. ASB პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაციაა.
,,დავიწყეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებას რეგიონებში. მისი მიზანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლების აქტიურად ჩართვა მართვის პროცესში, რათა ისინი იყვნენ ჩართულნი პოლიტიკის შექმნის და განხორციელების პროცესში. ჩვენ მთელი რიგი ღონისძიების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი პროექტის ამოცანის მისაღწევად, რათა ადამიანები ადგილებზე, რეგიონებში, სოფლად და ქალაქებში გააქტიურდნენ, ჩაერთონ მართვაში და საკუთარი სურვილები, პრიორიტეტები გააცნონ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა პოლიტიკა იყოს უფრო ჩართულობითი. ეს კი ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღებას’’,- განუცხადა KNEWS.GE-ს ზვიად მოდებაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა (CCC) ქსელის შესაძლებლობების განვითარება, პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი, სამუშაო შეხვედრები ადვოკატირების შესახებ, სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მედია კამპანიები ადგილობივ და ეროვნულ დონეზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგების ციკლი სოციალური მეწარმეობის შესახებ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორი ორგანიზაციების ASB – არბაიტერ-სამარიტერ ბუნდის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის და ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის მიერ.