გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებზე საინფორმაციო ტური ჩატარდა
მოსწავლეები გაეცნენ იმ პროექტებს და პროგრამებს, რომელსაც ტექნოპარკი ახორცილებს. მათ მიიღეს ინფორმაცია ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული ტური მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლების მოსწავლეებისთვისაც გაიმართება.
„ჩვენი პრიორიტეტია მომავალი თაობა, მათი რესურსების აღმოჩენა და განვითარებაზე ზრუნვა. ვცდილობთ, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ მათი ინტერესებისა და იდეების განხორციელებას. ტექნოპარკში ინფორმაციული ტურები, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლიდან არიან მოსწავლეები ჩართულები, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და მათ მიიყვანს იდეიდან ბიზნესამდე. აღნიშნული იდეა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. ტექნოპარკს უკვე სტუმრობდნენ სოფლების კალაურის, ჯიმითის, ბაკურციხის, ვაზისუბნის და ვაჩნაძიანის საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას მოიცავს. აღსანიაშნავია, რომ ტექნოპარკის მშენებლობა ახლო მომავალში გურჯაანშიც იგეგმება”,-განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.