თელავის მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება. პარტიის გენერალური მდივანის, კახა კალაძის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 19-დან 15 მცირდება. ახალ შემადგენლობას კი პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.
ცვლილებებს დადებითად აფასებს თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი. ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭო მუდმივად ახლდება და წევრების შემცირებაც სწორი გადაწყვეტილებაა.
„პოლიტსაბჭო არ არის მუდმივმოქმედი საბჭო, არის მუდმივად განახლებადი, მას ირჩევს ყრილობა, ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ის განახლდა. ეს უკვე არის სწორი გადაწყვეტილება. ასევე, სწორია ის გადაწყვეტილება, რომ შემცირდა წევრების რაოდენობა და 15 წევრით განისაზღვრა, რათა მეტად მოქნილი იყოს. ყველა წარმოდგენილი კანდიდატი არის ღირსეული, თითოეულ მათგანს აქვს თავისი პოლიტიკური წარსული და თავისი გამოცდილება, ამიტომ აბსოლუტურად ყველა ერთად მივესალმეთ წარმოდგენილ კანდიდატურებს და თავის მხრივ, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩავერთვებით პოლიტიკურ პროცესში, რამდენადაც ამბიცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერ ევროპულ პარტიად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.