სტატიები

საჯარო სივრცეში მოწევა აიკრძალა – რას ფიქრობენ თელავში?

მოწევა ნებადართული არ არის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, სამედიცინო, ფარმაცევტული კომპანიების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელი სადგურებზე, აგრეთვე, იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
აღნიშნულ სიახლეს რეგიონებში დადებითად აფასებენ. თელავში მცხოვრები მოქალაქეების მოსაზრებით, აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს არამწეველი პირების უფლებების დაცვას.
ძალიან კარგია, რომ გამკაცრდა კანონი სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით. ყველგან, სადაც არ უნდა შევსულიყავი, სიგარეტს ეწეოდნენ. მე ალერგია მაქვს სიგარეტის ბოლზე და მუდმივად ცუდად ვხდებოდი. ვერც კაფესა და რესტორანში ვჩერდებოდი. ახლა კი კარგი იქნება, თუ ცაკლე ადგილები გამოიყოფა მწეველებისთვის და ჩვენ არამწეველებს აღარ მოგვიწევს მისი ატანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის სოფელ ვანთის მკვიდრმა ლიზა ლომიძემ.
რეგულაციის პოზიტიურ მხარეზე საუბრობენ კერძო სექტორშიც. სასტუმრო „თელას“ მენეჯერი ეკა კევლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სიახლე დადებით შედეგს მოიტანს და არამწეველთა უფლებები უფრო მეტად დაცული იქნება.
,,სასტუმრო „თელაში“ არამწეველთა უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. ჩვენ არ გვაქვს მწეველებისათვის განკუთვნილი სტუმრის ოთახები, ასევე სასტუმროს შენობაში არსად არ არის ნებადართული მოწევა, ტერასისა და ოთახების აივნების გარდა. რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ’’, – განუცხადა knews.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა ეკა კევლიშვილმა. 
სიახლეს უარყოფითად აფასებენ კაფეების და რესტორნების მეპატრონეები. ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გარკვეული დრო სჭირდებოდათ. რესტორნების მეპატრონეები ამავე დროს შიშობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კლიენტთან შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოთ. ისინი ფიქრობენ, რომ კანონის ამოქმედებამდე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჭირო იყო აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. 
,,არ გვაქვს სათანადო ინფრასტრუქტურა მოწყობილი, რომ ცალკე მოსაწევი ადგილი გვქონდეს. ჩვენი კლიენტები გარეთ ქუჩაში უნდა გავიდნენ და იქ მოწიონ. ეს პრობლემა რეგიონებში უფრო იგრძნობა. მთავრობა ჯერ უნდა დაგვხმარებოდა და დრო მოეცა ჩვენთვის ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა და მერე უნდა განხორციელებულიყო ამ კუთხით ცვლილებები. კიდევ სხვა ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი. როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირთან მივა მიმტანი ან დაცვის თანამშრომელი და სიგარეტის მოწევას აუკრძალავს, ამან შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. სანამ რეგულაცია ძალაში შევიდოდა, აუცილებელი იყო საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა მოქალაქეების ცნობიერება ამაღლებულიყო’’, – განუცხადეს Knews.ge-ს თელავის ერთ-ერთ კაფეში.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას აპროტესტებენ მწეველებიც. თელავში მცხოვრები ლევან გულოშვილი ამბობს, რომ ეს სიახლე მათ უფლებებს არღვევს. 
,,ამით ჩვენი როგორც მწეველების უფლებები შეიზღუდა, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ ამ კუთხით ბევრი იყო გასაკეთებელი მანამ სანამ კანონს მიიღებდნენ’’,– განუცხადა knews.ge-ს ლევან გულოშვილმა.