სოფელ ახაშენში დაყენებული ღვინო ოთხ ქვეყანაში იყიდება
„ამ ეტაპზე ღვინოს მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში ვყიდი. იმ რაოდენობის ღვინისთვის, რასაც ვაწარმოებ, ეს სავსებით საკმარისია. წელს ალბათ მაქსიმუმ ზღვარზე გავალ, საავტორო ღვინო შეუძლებელია დიდი ტირაჟით იწარმოებოდეს“, – განუცხადა Knews.ge-ს ნუკრი ქურდაძემ.
ქურდაძე ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ქართული ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ტერუარის ღვინის დაყენებაა. მეღვინის თქმით, ის ცდილობს, სასმელში მსუბუქი, სასიამოვნო არომატი შეინარჩუნოს.
„ყურძნის დაწურვის შემდეგ ორი-სამი კვირა კასრებს სამკბილა ჯოხით ვურევთ. დუღილს იწვევს თრთვილი, რომელსაც გაჭყლეტილი მარცვალი იკეთებს, ნელ-ნელა თრთვილი ქრება, ჭაჭა ფერს იცვლის, მუქდება და ყოველწუთიერი თავზე დგომაც აღარ სჭირდება. დუღილის ჩაცხრომის შემდეგ ჭაჭა ჯდება, თავისით მიდის დაბლა, ღვინო კი მაღლა ამოდის. მაჭარი დაღვინებას იწყებს, შუშხუნი კლებულობს, ღვინის მაღლა ამოწევა მის ბუნებრივ გაფილტვრას უზრუნველყოფს და კამკამა ღვინოც მზად არის მინის ბოცებში გადასაღებად. ყველანაირად ვცდილობ, რომ ღვინო მსუბუქი დასალევი იყოს და მას ჰქონდეს სასიამოვნო არომატი“, – ამბობს ქურდაძე.