შვედეთში ქართული ღვინის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ხორციელდება
როგორც knews.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პროექტი მიმდინარე წლის 4 აპრილს დაიწყო და 2018 წლის 11 ნოემბერამდე გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ შვედეთში მცხოვრებ მოყვარულ მზარეულებს.
“აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 სექტემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა. შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებმა საგამოფენო ცენტის ვებ-გვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ინფორმაცია და ფოტომასალა განათავსეს,რომელიც სსიპ-ის „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე მომზადდა”, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან “Stockholmsmassän” თანამშრომლობით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.