ახალი ამბები

NDI – გამოკითხულთა 65%-ს სურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

21% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 7% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველო არც ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს და არც ევრაზიულ კავშირში. კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი – დაკლებული. გამოკითხულთა იმ ნაწილის უმრავლესობას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, მიაჩნია, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას. 
განსხვავებული სურათია, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე მოსახლეობის ნახევარია; 21% – წინააღმდეგი; 26 %-მა კი არ იცის როგორ შეაფასოს ეს მიზანი.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.