მედიკო მარგოშვილი – ვიბრძოლებთ თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად
მედიკო მარგოშვილის თქმით, ის, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი არ ფიქსირდება, ბუნებრივია, რადგანაც ეს ხელყუმბარა პანკსის სპეცოპერაციის დროს მოკლულს არ ეკუთვნოდა.
„მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ თემირლანმა არ იცოდა, ყუმბარა რა იყო. მას მხოლოდ ტელევიზორში თუ ჰქონდა ნანახი ყუმბარა. ეს სპეციალურად ჩაუდეს საკუთარი თავის გასამართლებლად. თუ შევძლებთ, დავამტკიცებთ სიმართლეს და თემირლანის უდანაშაულობას“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსს” მედიკო მარგოშვილმა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული, თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი არ ფიქსირდება. მარიამ კუბლაშვილის თქმით, არგუმენტი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ეჭირა ხელყუმბარა და სურდა მისი მოქმედებაში მოყვანა, გაქარწყლებულია.
„ჩვენ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხები მივიღეთ. ეს გულისხმობს თითის ანაბეჭდებს. დასკვნა ასეთია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელყუმბარისმაგვარ კორპუსზე გამოისახა ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად ხილული კვალი, ფრაგმენტების და ნაწყვეტების სახით, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებისთვის უვარგისია. ანუ არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა, არ დასტურდება. ცხადია დეენემის კვალი დაფიქსირებულია, თუმცა თითის კვალი არ დასტურდება. შესაბამისად, ხელში ჭერასთან და სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არგუმენტი გაქარწყლებულია“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, როდესაც გამოიყენეს პროპორციული ძალა და თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გაისროლეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. მას ორი კვირი განმავლობაში მკურნალობდნენ. 19 წლის თემირლანი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, 10 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.