გზა ევროპისკენ

როგორ უნდა გაიზარდოს თვითმმართველობების ფინანსური რესურსი?

ექპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების ფისკალური დეცენტრალიზაცია მათი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თვითმმართველობებისთვის აუცილებელია ფინანსური დამოუკიდებლობის მიცემა. მისი თქმით, აუცილებელია თვითმმართველობებას ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელსაც ის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგავს.
,,თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტურობის მიზნით აუცილებელია მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა იყოს დაქვემდებარების ქვეშ. ჩვენთან თვითმმართველობა ჯერ კიდევ სხვანაირად აღიქმება და ფიქრობენ, რომ აუცილებლად ცენტრალურ მთავრობას უნდა ექვემდებარებოდეს’’, – განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
ექსპერტების მოსაზრებით, მთავრობის მიერ წარდგენილი დეცენტრალიზაციის ახალი ხედვით უნდა განისაზღვროს, რომ საშემოსავლო გადასახადის გარკვეული პროცენტი მუნიციპალიტეტებს დარჩება. რეგიონული განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ფიქრობს, რომ საშემოსავლო გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარი შემოსავლის წყარო არ არის და მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი მუნიციპალურ მთავარ საფინანსო დოკუმენტში შევა. 
,,მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როცა ის 20 ლარს გადაიხდის, აქედან 15 ლარი ცენტრალურ ბიუჯეტში წავა, 5 ლარი კი – მუნიციპალურ ბიუჯეტში. მუნიციპალიტეტს შეუძლია, ცენტრალური ხელისუფლებისგან ამა თუ იმ ქონების გადაცემა მოითხოვოს, მაგრამ ამ მხრივ ცუდი პრაქტიკა არსებობს. მუნიციპალიტეტები ითხოვენ, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არ აძლევს’’,– განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
თვითმმართველობებისთვის ფინანსური რესურსების და უფლებამოსილებების გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფციის მიხედვით, საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალური ბიუჯეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, აამაღლოს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონე, მეტი და უკეთესი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას.
„2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა. ამის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7-8 პროცენტს დახარჯავენ, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო სახსრების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ შემოსავლების გაზრდა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და არსებული პრობლემების დროულად მოგვარებას.
,,არის შემთხვევები, როდესაც საკითხის მოგვარებას თვითმმართველობა თვეების განმავლობაში ელოდება, სანამ ნებართვა არ ექნება შესაბამისი სამინისტროსგან. ეს ხელს უშლის თვითმმართველობების გამართულ მუშაობას და საკითხების მოგვარებაც დროში იწელება. ძალიან კარგი იქნება, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა ექნებათ თვითმმართველობებს და კონკრეტული პრობლემის მოგვარებას დროულად შეძლებენ’’,– განუცხადა Knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა მანანა ბოლქვაძემ.
,,მნიშვნელოვანი იქნება, რაც მეტი ფინანსები და თავისუფლება ექნება თვითმმართველობას და მეტი გადახდილი თანხა დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, რადგან ეს მეტი პროექტების განხორცილების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, გაიზრდება ბიუჯეტიც. ასევე აუცილებელია საჯარო მოხელეთა გადამზადება, რათა თანხები სწორად განკარგონ’’-, აღნიშნა თელავში მცხოვრებმა გივი მუჩიაშვილმა.

 

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.