ყვარელში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს
საინფორმაციო სააგენტო „რეგინფოს“ ცნობით, შემთხვევა 24 აპრილს მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 22 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა შეძლო თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.