ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა.
„გასულ წელს დაიწყო გზის პროექტი და ამორტიზებული წყლის მილების გამო სამუშაო სოფელ ვაშლოვანშიც შეფერხდა. ორი კვირის ვადაში სასმელი წყალი გადაირთვება ახალ ქსელზე, რის შემდეგაც საგზაო სამუშაო განახლდება. ორივე პროექტის გაჭიანურებას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა. ლაგოდეხის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს წყალმომარაგების პრობლემა, ამიტომ, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მთელი სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია. პარალელურად, სოფელ ვაშლოვანში, სადაც დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი ძირითადი ტურისტული გზა გადის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დავაჩქარებთ. პროექტების დასრულების შემდეგ წყალმომარაგებისა და გადაადგილების პრობლემაც მოგვარდება. განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე გაზრდილი ტურისტული ნაკადი ისარგებლებს“, – განუცხადა knews.ge-ს ილია ბეგიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ორივე პროექტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მათი საერთო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.