წელს სიღნაღის რეაბილიტაცია იგეგმება
მერიაში აცხადებენ, რომ წელს მუნიციპალიტეტში გზებისა და ქუჩების, ასევე, ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოებზე 100 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.
“სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია მინიმუმ 100 000 ლარი ფასადების კეთილმოწყობისთვის. ასევე დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია და 11 ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ქვაფენილების აღდგენას, შენობის ფასადების შეღებვას, რიკულებიანი აივნების ახლით ჩანაცვლებას. დაზიანებული ქუჩების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ საორიენტაციოდ გათვალისწინებულია 100 000 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შესყიდვა, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ისტორიული შენობების, სახელმწიფო თუ კერძო ობიექტების რეაბილიტაციის პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რომელზეც, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ კახეთში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ქალაქს რეაბილიტაცია არ ჩატარებია და საჭიროა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება.