ლაგოდეხში ხვალ ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართება
როგორც knews.ge-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ლაგოდეხში 80-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობას, სამომავლო გეგმებს გააცნობს. თითოეულ დაინტერესებულ პირს ამომწურავი ინფორმაციას მიაწვდის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA).
ამასთანავე, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ანთია დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს, რითაც სახელმწიფო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.