სტატიები

ISET- ფერმერების ცოდნის ამაღლება აუცილებელია

აისეტის მკვლევარის რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებს ინფორმაცია არ აქვთ, რაც დიდი პრობლემაა.

,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალწლიან კულტურებზე, ნომერ პირველი რეკომენდაცია არის, ჯიშებისა და ბაღების განახლება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, მაგარამ ამის შედეგი გვექნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. საჭიროა ადგილობრივმა ფერმერებმა ცოდნა აიმაღლონ, რაც უფრო ორიენტირებული იქნება საშუალო და გრძელვადიან განვითარებაზე. ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება და იმ ფერმერებზე, რომლებიც მოტივირებულები არიან, თანამედროვე რელსებზე გადავიდნენ“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.
ფერმერების და ვეტერინარების დაბალ ინფორმირებაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. გიორგი მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვეტერინარებს არ აქვთ დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში არსებულ რეგულაციებზე. 
„დღეისთვის ვეტერინარების ინფორმირება რიგ საკითხებზე არის დაბალი, რაც პრობლემებს და შემდეგ მათ დაჯარიმებას იწვევს. უახლოეს ხანში ვეტერნარიის კუთხით ძალაში შევა და დაინერგება კანონმდებლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია, მათ შორის ვეტერინარული პრეპარატების გაყიდვისას მცირე ანოტაციის დართვა, ასევე აფთიაქებში სველი წერტილების და კანალიზაციის მოწესრიგება და სხვა’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მესხიშვილმა.
ფერმერები და ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სხვადასხვა საკითხზე მათ რეგულარულად მიეწოდებოდეთ ინფორმაცია, რათა მიუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს და აწარმოონ სუფთა პროდუქტი.
,,ბევრი საკითხის ან სიახლის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია, არ ვიცით რა ტექნოლოგიები დავნერგოთ, რომ წარმოებული პროდუქტი იყოს სუფთა. აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღონ თავის თავზე ყველა ფერმერის ინფორმირება”,- განუცხადეს Knews.ge-ს კახელმა ფერმერებმა.