“პროფესიული განათლება უნდა პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს”
შეხვედრაზე ისაუბრეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ, ასევე იმაზე თუ რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და, მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა პროფესიული განათლების სფეროში უნდა იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გასვლითი სხდომები რეგიონებში. კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კარგი ბაზა შეიქმნას პროფესიული განათლების მისაღებად, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია, უმუშევრობასთან ბრძოლისა და დასაქმების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, პროფესიული განათლება პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს”, – განაცხადა, დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები და საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელი.