კახელ ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე ინფორმაცია მიაწოდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად, ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის.
უწყების ინფორმაციით, ფერმერებს აღნიშნული დაავადებების პრევენციის და სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აცილების შესაძლებლობებზეც ესაუბრნენ.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. პრაქტიკული ინფორმაცია მიეწოდებათ მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა გამოსცა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ. შეხვედრები ფერმერებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.