ნარჩენების დახარისხება სავალდებულო იქნება
მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტები ვალდებულები იქნებიან, ნარჩენები ფრაქციებად შეაგროვონ და განახორციელონ მისი ტრანსპორტირება.
“ის, რაშიც სახელმწიფო ეხმარება მათ, კონტეინერების მიწოდებაა. მათ უკვე გაეგზავნათ გარკვეული რაოდენობისკონტეინერები. მართალია სრულად ვერ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები, მაგრამ ეტაპობრივად მოხდება იმ რაოდენობის მიწოდება, რაც მათთვის არის აუცილებელი. ყველას უკვე აქვს ნარჩენების მართვის გეგმა, იმ გეგმის მიხედვით უნდა განახორციელონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა’’, – აცხადებს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ ხელმძღვანელის მრჩეველი, ხათუნა ჩიკვილაძე.
მისი ინფორმაციით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ვალდებულება ნაგავსაყრელების მართვაა. ჩიკვილაძის თქმით, 2023 წლისთვის საქართველოში თანამედროვე სტანდარტების 10 ნაგავსაყრელი მოეწყობა.
“ახალი ნაგავსაყრელების ნებართვის აღების პროცესში ვართ. წელს გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობის პროცესი. 2019 წლიდან ვფიქრობთ, რომ უკვე იმავე პროცედურებს გავივლით კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, მცხეთა -მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში”, – აღნიშნავს ჩიკვილაძე.