ხვალ ანსამბლი ანჩისხატი ყვარელში კონცერტს გამართავს
კონცერტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყვარლის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება ტარდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
როგორც knews.ge-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, კონცერტი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, Check-in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
“ანსამბლი “ანჩისხატი” 1987 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ჩამოყალიბდა. ანსამბლის წევრები თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ და მათი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და ძველ ქართულ ბგერათწყობაში აჟღერება იყო. 1988 წლიდან “ანჩისხატის“ წევრებმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყეს გალობა. სწორედ ამ მგალობელ-მომღერალთა გუნდის უდიდესი დამსახურებაა მივიწყებული ძველი ქართული გალობის აღდგენა და ქართულ საეკლესიო ღვთისმსახურებაში დამკვიდრება. ანსამბლის რეპერტუარშია როგორც სხვადასხვა სამონასტრო სკოლის ტრადიციის ქართული საგალობლები, ასევე მრავალფეროვანი ხალხური სიმღერები. ბევრი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის “გაცოცხლება“ და პოპულარიზაცია სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება”, – განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.