ახალი ამბები

სოფელ წინანდლის ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამსახურში აღდგენაა. როგორც knews.ge-ს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ყოფილმა თანამშრომლებმა განუცხადეს, საბავშვო ბაღის შენობა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ამორტიზებული იყო. მათივე ინფორმაციით, სოფელში ბაღის ახალი შენობა აშენდა, თუმცა მათ მუშაობა ვეღარ გააგრძელეს.

“წლების განმავლობაში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო. შემდეგ ახალი ააშენეს, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ მუშაობა. თანამშრომლები სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნეპოტიზმის ნიშნით მიიღეს. ახალი თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავები არიან”, – განუცხადეს Knews.ge-ს სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა.

სკოლამელი დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნას თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გამოეხმაურა. თინათინ ხანჯალიაშვილის თქმით, ახალი თანამშრომლები თელავის ყოფილი თვითმმართველი თემის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ კონკურსის წესით შეარჩია და მას ამ კონკურსთან კავშირი არ აქვს. მისივე ინფორმაციით, კონკურსის დროს ჩატარებული გასაუბრების შედეგების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

“სოფელ წინანდლის მე-2 საბავშვო ბაღის თანამშრომელბის შესარჩევი კონკურსი ჩაატარა თელავის თემის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ და მე ამ კონკურსის შედეგებზე პასუხისმგებლობას ვიხსნი. ჩვენ გვაქვს აღნიშნული კონკურსის ოქმები, რომელიც გადმოგვეცა რეორგენიზაციის შედეგად. ოქმებში არ იკვეთება სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების დისკრიმინაციის ნიშნები”, – განუცხადა knews.ge-ს თინათნ ხანჯალიაშვილმა.