ხვალ კახეთში დედამიწის დღეს აღნიშნავენ
აქცია სახელწოდებით, დედამიწის დღე პლასტმასის ნარჩენების გარეშე, ხვალ შუამთასა და ყვარელშიც გაიმართება.
“ამ დღეს ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია გარემოს გულისთვის. კამპანიას შემოუერთდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი, რომლებიც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობას აიღებენ წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
პროექტის ფარგლებში, გარემოს გულითადი ელჩები – ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ყვარელში იშვილებს ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო თი ბი სი ბანკი თელავის მუნიციპალიტეტში- შუამთას.
,,თქვენც გახდით გარემოს გულითადი მეგობრები და დაასუფთავე შენთვის სასურველი ტერიტორია. ერთად, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ნარჩენის შემცირებას. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირების ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში”.
კამპანიას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამა „ ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები საქართველოში” (WMTR II) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
ფოტო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია