“თბილღვინოს” ღვინოები ექსპორტზე ბრაზილიაში გავიდა
“თბილღვინოს” პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ლაშა ლომაშვილი აცხადებს, რომ 2018 წელს კომპანია ექსპორტის 30%-ით ზრდას გეგმავს.
“მოსალოდნელია ექსპორტის ზრდა, ვინაიდან სხვადასხვა ბაზარზე ახალ პარტნიორებთან გავაფორმეთ ხელშეკრულებები. საექსპორტო ბაზრებზე ინდივიდუალურად ჩატარებული კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების ხარჯზე გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად გაიზარდა გაყიდვებიც“, – განაცხადა ლაშა ლომაშვილმა.
კომპანიის წარმოებული ღვინო ევროპის 30 ქვეყანაში უკვე იყიდება. საწარმო ამ დროისთვის რქაწითელს, საფერავს, წინანდალს, ნაფარეულს, მუკუზანს, ტვიშს, ახაშენს, ქინძმარაულს, ხვანჭკარას, ოჯალეშს და 26 სხვა სახეობის ღვინოს ამზადებს. „თბილღვინოს“ დამფუძნებლები ძმები გიორგი და ზურაბ მარგველაშვილები არიან.
„თბილღვინო“ 1962 წელს დაარსდა და წელიწადში დაახლოებით 3-4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
,,ჩვენი ღვინო ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც დიდი რაოდენობით ღვინო ევროპის ქვეყნებში გასაყიდად გაგზავნა. ,,თბილღვინოს“ ღვინოები იყიდება ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ჩინეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰონგ–კონგში, ინდოეთსა და სხვა დიდ ქვეყნებში. 2010 წლიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ჩვენმა კომპანიამ დაიწყო ჯერ ქვევრის თეთრი ღვინის წარმოება და უკვე 2012 წლიდან დავიწყეთ ქვევრის საფერავის წარმოება. ამ ეტაპზე 4 მილიონ ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მისი რაოდენობა 7 მილიონ ბოთლამდე გავზარდოთ’’, – განუცხადა knews.ge- ს ზურაბ მარგველაშვილმა.
ზურა ამბობს, რომ საწარმო ღვინოს როგორც ძველი ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით აყენებს.
„ყვარელში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოსთან ერთად 165 ჰექტარზე ვფლობთ საფერავის ჯიშის ყურძნისგან გაშენებულ ვენახს, რომელიც აღჭურვილია წვეთოვანი საირიგაციო სისტემით. ასევე, ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის ჭაჭასაც, რომელიც ღვინოსთან ერთად უცხოურ და ქართულ ბაზარზე იყიდება. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება”, –აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ზურაბ მარგველაშვილი.