კახეთში კრიმინალური სამყაროს 1 წევრი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, 1973 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გივი ბეგიაშვილს აქტიური კავშირი ჰქონდა ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდა და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდა. სამართალდამცავებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან – მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ სამ მოქალაქეს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ამის შემდეგ სასამართლო კახა ბეჟიტაშვილის, დიმიტრი ჭრელაშვილისა და გივი ბეგიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლით, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.