ახალი ამბები

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება

როგორც knews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების მიზეზი რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარებაა.
,,აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება პროექტის “50 ქონება შენი სასტუმროსთვის”, რომლის მიზანია, ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამჯერად სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს”, – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა განახორციელოს სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია, ააშენოს 40 ნომრიანი სასტუმრო და 40 ადამიანი დაასაქმოს. აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ბმულზე:https://www.eauction.ge/Home/EntityView/513730