ახალი ამბები

გაზაფხულზე ლაგოდეხის ნაკრძალში ვიზიტორების გაორმაგებას ელოდებიან

გიორგი სულამანიძე ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდება. 
,,ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე უკვე იმყოფებოდა 2131 საქართველოს მოქალაქე და 649 უცხოელი. 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, ვიზიტორების საერთო რაოდენობა 2018 წელს 16 %-ით გაიზარდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობა კი – 41 %-ით. გაზაფხულზე ველოდებით ვიზიტორების გაორმაგებას”, – განუცხადა Knews.ge-ს სულამანიძემ.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მრავალი სახეობის მცენარე იზრდება. 
,,რამდენიმე ენდემურმა ყვავილმა უკვე იყვავილა. ნაკრძალში იზრდება ისეთი ჯიშის მცენარეები, როგორებიცაა ლაგოდეხისა და მლოკოსევიჩის იორდასალამები, თეთრყვავილები და სხვა. ენდემური მცენარეები მხოლოდ ამა თუ იმ არეალისთვის დამახასიათებელი სახეობებია”, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის დირექტორი, ვალერი ოღიაშვილი.
ცნობილმა ვებგვერდმა “travel-tramp.com” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ლაგოდეხის ნაკრძალზე. მოგზაურის თქმით, ეს იყო ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელიც საქართველოში უნახავს. იგი, აგრეთვე, წერს, რომ საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიებიდან, ლაგოდეხის ნაკრძალი საუკეთესოა. 
“თბილისიდან ლაგოდეხში დადის საბჭოთა დროინდელი ტრანსპორტი, რომელიც მანძილის დაფარვას დაახლოებით სამ საათს ანდომებს. ქალაქში არ არის ღამის გასათევი ბევრი ადგილი. ლაგოდეხში, ძირითადად, აქირავებენ სახლებს, რომლის საფასურშიც ხშირად ვახშამიც შედის ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ ნაკრძალის ზოგიერთ ადგილას კარვის დაშლა და დაბანაკება. ნაკრძალში 4 ძირითადი ბილიკია. ყოველი მათგანი განსხვაებულია სიგრძით, სასიარულო დროითა და სხვა კრიტერიუმებით”, – წერს სტატიის ავტორი.

ვიდეო: ბატკანძერის თვალით დანახული ლაგოდეხი – Bird’s Eye View of Lagodekhi