თელავში სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდეს
ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო, სადოქტორო და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამების შესახებ.
განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადენიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის კოორდინატორის ინფორმაციით, მსგავსი პროგრამებით რეგიონებში სტუდენტების დაინტერესება დაბალია. ნინო რუხაძის თქმით, თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები რეგიონულ უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით გაცილებით აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, რის გამოც მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია.
,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართულობის ზრდას წლიდან წლამდე და აქაურ სტუდენტებს მივცეთ საშუალება, სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც ჩვენი დახმარებით დიდი სარგებლის მიღება შეუძლიათ, ეს პროგრამები მათ მისცემთ საშუალებას, გააკეთონ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ნახტომი როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ ასპარეზზე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, როგორც აკადემიური პერსონალი, ისევე სტუდენტები დაბრუნდებიან რეგიონებში და აქ გააგრძელებენ მოღვაწეობას, რაც დიდ წვლილს შეიტანს ადგილობრივი თემების და მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში“ – განუცხადა knews.ge-ს ნინო რუხაძემ.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა.