ახალი ამბები

აგროწარმოების ხელშეწყობის ახალი პროგრამა იწყება

როგორც knews.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა. 

პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელია ხურმა, ვაშლი, ატამი, ბოსტნეული, დაფნა, კაკალი, თაფლი, კენკროვანი, თაფლოვანი და ყვავილების კულტურები”, – განუცხადეს knews.ge-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.
პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის” (AMMAR) ფარგლებში და ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.