გურჯაანში 54 წლის მამაკაცი მოკლეს
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც knews.ge-ს კალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში გურჯაანის მერის წარმომადგენელმა, ალექსანდრე პაპოშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული ქევხიშვილთან მივიდა ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი გახდა. გარდაცვლილს თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
“ვლადიმერ ქევხიშვილს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. მას ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის მუშაობდა მექანიზატორად. პოლიციას აქვს ვერსია, რომ ბრალდებული შეეცადა, მისთვის ფული გამოეძალა”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე პაპოშვილმა.
ადგილზე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებს მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.