კახურმა ღვინომ იაპონიაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდა 33 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო, სადაც სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ მოწონება დაიმსახურა.
„საკურას“ კონკურსზე დაჯილდოვდნენ: „ორმაგი ოქროს“ ჯილდოთი– „ქისი 2016“, კორპორაცია „ქინძმარაული“; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, „შალაურის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია „ქინძმარაული“; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, „შალაურის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ–ერთი მზარდი ბაზარია. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 155 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 8%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”,- განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით, სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.