ახალი ამბები

თელავში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის განაჩენი და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ფ.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო. 
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ქ.თელავში ფ.ი.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა.-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა. მედიკოსებმა ხ.ა.-ს გადარჩენა მოახერხეს. სამართალდამცველებმა ფ.ი. იმავე დღეს ქ.თელავში დააკავეს. 
“მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი.-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.