ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს გეგმავს

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქციას სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ევროპაშიც. გარდაცვლილის მამის განცხადებით, არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. იგი მოითხოვს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, ისე სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას. 
„მე ვიცი რას ნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომა, ამიტომ ამ პერიოდის გავლას დაველოდები და დავიწყებთ აქციებს. მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას. გომელაურმა და მისმა ბანდამ, იმ სპეცრაზმელმა უნდა აგონ პასუხი. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც არის და ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ შემოგვიერთდნენ. მე თავად ვაპირებ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებთან ერთად გავაპროტესტებთ უსამართლობას. მე საზოგადოებასთან ერთად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. მას მკურნალობა ორი კვირის განმავლობაში უტარდებოდა. თემირლანი წმ. მიქალ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს, გამთენიისას გარდაიცვალა.