არსებობს თუ არა კახეთში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის პერსპექტივა?
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კერძო სექტორთან პარტნიორობით შესაძლებელია კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები.
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა მთავრობის მეთაურის ინიციატივას და დადებით შეფასა. ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, რეგიონში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საკითხზე ჯერ კიდევ გუბერნატორობის პერიოდში მუშაობდა, თუმცა მისი გახსნა ვერ მოხერხდა.
“აუცილებელია, კახეთს ჰქონდეს საკუთარი აეროპორტი. ჯერ კიდევ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში მაშინ გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ჩვენ თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნა და ოპერირება „ტავ ჯორჯიას “ შევთავაზეთ, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა. როგორც ვიცით, „ტავ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირება 2027 წლამდე განხორციელდება და სწორედ ეს ხელშეკრულება გამორიცხავს სხვა საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საკითხს’’, – ამბობს ირაკლი შიოლაშვილი.
კახეთში აეროპორტის გახსნის ინიციატივა გაუგებარია ექსპერტებისთვის. ავიაციის ექსპერტი, HUB Georgia-ს გამგეობის წევრი, გიორგი კოდუა მიუთითებს, რომ პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა სახის აეროპორტს გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება. კოდუას განმარტებით, ამ ეტაპზე შეუძლებელია კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედება.
“თუკი საერთაშორისო აეროპორტს გულისხმობს, მაშინ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან TAV-georgia-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტს ვერ გავხსნით. ეს მაქსიმუმ შესაძლებელია ლაგოდეხის უკიდურეს საზღვართან მოხერხდეს, ხოლო თუკი პრემიერი შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტს გულისხმობს, მაშინ ასეთი აეროპორტი თელავში უკვე არსებობს. ამ მხრივ ბოლო პრაქტიკა, რაც ამბროლაურის აეროპორტის სახით გვაქვს, არც თუ ისე სახარბიელოა. ნახეთ სტატისტიკა, რამდენმა ტურისტმა გამოიყენა ის. ამ ტემპით ჩადებული რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის ამოღებას 200 წელი დასჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უფრო პიარს ემსახურება”, – განაცხადა კოდუამ.
ბიზნესმენი გია პირადაშვილი კი ახლო მომავალში კახეთში საერთაშორისო აეროპორტის გახსნას რეალურად მიიჩნევს. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ თელავში აეროპორტის გახსნის შემთხვევაში ეკონომიკა მინიმუმ 10-ჯერ გაიზრდება. პირადაშვილი ამბობს, რომ კახეთში აეროპორტის აღდგენაზე იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მან და რამდენიმე ადამიანმა ერთი თვის წინა მიაწოდა.
„თუ თელავის აეროპორტი აღდგება და შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო ფრენები, რეგიონის ეკონომიკა გაიზარდება მინიმუმ 10-ჯერ, ანუ 1000%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს თელავში აეროპორტის ამოქმედებაზე იდეა ერთი თვი წინ მივაწოდეთ მე, მამუკა ხაზარაძემ, „ლოპოტას“ ერთ-ერთმა მეწილემ, გოგა მაისურაძემ და სხვებმა. ჩვენ გადავალთ განვითარების სხვა ეტაპზე. თუ კახეთში ამოქმედდება აეროპორტი, კიდევ ორ შატოს ავაშენებთ. ჩემ გარდა, ღვინის ყველა მწარმოებელი ააშენებს სასტუმროს. კახეთის აეროპორტს გაცილებით დიდი ეფექტი ექნება, ვიდრე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს“, – აღნიშნა გია პირადაშვილმა.