კახეთში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება დაიწყო
დღეს გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე აზიური ფაროსანას მაიდენტიფიცირებელი სისტემა განათავსეს.
მავნებლის მონიტორინგის დამონტაჟების პროცესს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სურსათის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი დაესწრნენ.
როგორც knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რეგიონში სულ 1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი განთავსდება.
“აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემა იქნება რვავე მუნიციპალიტეტში. ეს მოწყობილობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას აძლევს, რომ ონალინ რეჟიმში განისაზღვროს მწერის ლოკაცია და შესაძლო გამოჩენის შემთხვევაში ოპერატიული ღონისძიება გატარდეს. ამავე დროს მიმდინარეობს ფერმერების ინფორმირება. მავნებელთან ბრძოლის პროცესში სურსათის ეროვნულ საგენტოსთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება, რათა მწერი არ გავრცელდეს. თუ მწერი გავრცელდა, მასთან ბრძოლის მეთოდოლოგია იქნება ეფექტური, რადგან კახეთში აქტიურად იწამლება ვენახები და ბაღები. თუ აზიური ფაროსანა გამოჩნდება ტყისპირა ადგილებში ან მინდვრებში, რომლებიც არ არის ფერმერის საკუთრება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ასეთ ტერიტორიებს სახელმწიფო თავად დაამუშავებს”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი დამონტაჟდა.