ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ახალი სახეობის მზა საკვების წარმოება დაიწყეს

როგორც knews.ge-ს საწარმოში განუცხადეს, „აჯაფსანდალი“ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით არის დამზადებული. 
კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია საქართველოს ყველა დიდ სავაჭრო ქსელში უკვე იყიდება. 
„გემრიელი კერძის მოსამზადებლად სახელგანთქმული ქართული რეცეპტები შევკრიბეთ და ისე შევქმენით აჯაფსანდალი. იგი ვიტამინებით არის სავსე და გემრიელი და ნატურალურია. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ კერძი მარტივად მოსამზადებელია და დიდ დროს არ მოითხოვს“, – განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.
საწარმოს მარკეტინგის მენეჯერის, ქეთი ქელეხსაშვილის თქმით, კომპანია მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ, მზა საკვებს სთავაზობს. კომპანიაში 7 სახეობის პროდუქტი – ლობიო ლორით, ბორში ძროხის ხორცით, სუპ ხარჩო, ქათმის ჩახოხბიოლი, ქართული ფლავი (შილა ფლავი), ფლავი ძროხის ხორცით (უზბეკური ფლავი) და ბრინჯი ბოსტნეულით იწარმოება. 
“საწარმოს მიერ დამზადებული ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იყო საწარმოს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ჩვენი პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. დროის მინიმალური დანახარჯით ადამიანს შეუძლია მიირთვას 100%-ით ნატურალური ქართული კერძები. მის მოსამზადებლად ინგრედიენტებს, ანუ ბოსტნეულსა და ხორცს ვყიდულობთ ფერმერებისგან, რომლებსაც პროდუქტის უვნებლობის საჭირო სერტიფიკატები აქვთ. საწარმო მდებარეობს დედოფლისწყაროში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მცხოვრებლები, დაახლოებით, 30 ადამიანი, რომლებსაც აქვთ გავლილი გადამზადება და არიან კომპეტენტურები”,- განუცხადა Knews.ge-ს ქეთი ქელეხსაშვილმა. 
ამ ეტაპზე კომპანია ქართულ ნაციონალურ და უცხოურ ტრადიციულ კერძებს ამზადებს.