“კახეთში შიდა ფრენების განხორციელება შესაძლებელია, თუმცა მოთხოვნა დაბალია”
მისივე თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შიდა ფრენებით თელავის აეროპორტიდან ისარგებლოს, რომლისთვისაც ყველანაირი პირობაა შექმნილი.
“თელავის აეროპორტი ფუნქციონირებს. იქ დგას VIP-თვითმფრინავი და დაკვეთის შემთხვევაში შიდა ფერენების განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მოთხოვნა ძალიან მცირეა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოკლე მანძილია საჰაერო ტრანსპორტისთვის კახეთთან მიმართებაში”, – განუცხადა Bm.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
დეპუტატი კახეთში აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირილაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, რეგიონში აეროპორტის გახსნის საკითხზე ჯერ კიდევ გუბერნატორობის პერიოდში მუშაობდა, თუმცა მისი გახსნა ვერ მოხერხდა.
,,აუცილებელია, კახეთს ჰქონდეს საკუთარი აეროპორტი. ჯერ კიდევ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში მაშინ გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ჩვენ თელავში საერთაშორისო აეროპორტის გახსნა და ოპერირება „ტავ ჯორჯიას “ შევთავაზეთ, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა. როგორც ვიცით, „ტავ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირება 2027 წლამდე განხორციელდება და სწორედ ეს ხელშეკრულება გამორიცხავს სხვა საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საკითხს’’,- ამბობს ირაკლი შიოლაშვილი.