ახალი ამბები

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ 7 პირს გირაო შეუფარდა

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერს, რომლის მიხედვითაც „შპს მოხელეს“, ჯამში, თითქმის 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო უნდა ჩაეტარებინა. 
სუს-ის ინფორმაციით, ზედამხედველობისთვის შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომლის წევრებიც არიან ბრალდებულები. 
“კომპანიამ 14 ათასი ლარით ნაკლები ღირებულების სამუშაო შეასრულა, თუმცა კომისიას ის სათანადოდ არ შეუსწავლია. ”საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს:გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ.,ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა.”,- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით, რომელიც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.