დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაუსაბუთებელია წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც 43 000 ლარს შეადგენს
უწყების ინფორმაციით, 2015 წელს გახარჯულია 21 700 ლარი, ხოლო 2016 წელს 21 400 ათასი ლარი, რომელიც დასაბუთებული არ არის. კანონმდებლობის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, ოფიციალური სადილები და ა.შ.), საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, აგრეთვე სასტუმროს მომსახურების ხარჯებს.
„სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული მუხლიდან დაფინანსებულია სხვადასხვა მომსახურების შესყიდვა, როგორიცაა, მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების შესყიდვა, სასტუმროს მომსახურება და სხვ. სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯიდან 21 300 ლარი გადახდილია სარესტორნო მომსახურებაში, 21 600 ლარი დახარჯულია საკვები პროდუქტების შეძენაზე, ხოლო 2 ათასი ლარი – სასტუმროს მომსახურებაზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია. კერძოდ, სტუმრების მიღების ფორმა, მათი კატეგორია, გამასპინძლების ეტიკეტი და სხვ, თუმცა გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და მისი მიზანშეწონილობა უნდა იყოს დოკუმენტურად სათანადოდ დასაბუთებული“, – განუცხადეს knews.ge-ს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის წერილობითი განმარტებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე. აუდიტის სამსახურის განმარტებით, კი აუცილებელია მუნიციპალიტეტში იყო შემუშავებული წესი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება წარმომადგენლობითი ხარჯები.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ, ასეევ, არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლობითი მუხლიდან გამოიყოფა თანხები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა და სხვა მონაცემები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის შენიშვნებს იზიარებენ. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ უწყება შეიმუშავებს შესაბამის წესს, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ.
„ბევრი რეკომენდაციაა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით. საკრებულო აუცილებლად შეიმუშავებს შესაბამის წესს, რომელიც უზრუნვეყოფს ამ ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აუდიტის რეკომენდაციაა, რომ აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, რომლის მიხედვით მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა“, – განუცხადა knews.ge-ს ნუგზარ პაპიაშვილმა.