სუს-მა გურჯაანის მერიის 4 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
სუს-მა პასუხისგებაში მისცა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაცაშვილი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი, განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქუმსიაშვილი. პასუხისგებაში, ასევე, მიცემულები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი არევაძე.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა სპეციალურ კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დიმიტრი კ., ნოდარ შ., დურმიშხან ა., თეიმურაზ ა, გიორგი ა, ივანე ქ. და დიმიტრი ა. შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. შპს “მოხელეს” დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემომითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი. ამდენად, თემურ ფ. დიმიტრი კ-ს, ნოდარ შ-ს, დურმიშხან ა-ს თეიმურაზ ბ-ს გიორგი ა-ს, ივანე ქ-ს და დიმიტრი ა-ს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი“, – განუცხადეს knews.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტს გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.