გიორგი კანდელაკი – კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი სჭირდება
საპარლამენტო უმცირესობის წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება.
“გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება, სადაც ჩარტერული და რეგულარული რეისები უნდა განხორციელდეს. გომბორის უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან თელავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთამდე მცირდება, რაც უდიდესი სტიმული იქნებოდა კახეთის ეკონომიკის, მათ შორის, ტურიზმის განვითარებისთვის. ამ გვირაბის მშენებლობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას არც დაუწყია, კახეთში აეროპორტის არსებობას ეკონომიკურ მიზანშეწონილობას უკარგავს“, – განაცხადა კანდელაკმა.
ამ კონტექსტში გიორგი კანდელაკმა მაგალითად ამბროლაურის აეროპორტი მოიყვანა, რომელიც, ასევე, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით აშენდა და აღნიშნა, რომ ის ამჟამად, ფაქტობრივად, უფუნქციოა.