სოფელ იყალთოში საპროტესტო აქცია გაიმართა
აქცია იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანიც. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სოფელ იყალთოში ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა. მისივე მტკიცებით, მიწების გაყიდვაში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული. სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა.
,,ეს ხალხი ხელისუფლებისგან მოტყუებულია, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ხმა მისცეს. ერთადერთ არტერიას, სოფელს საძოვარს უყიდიან და მოსახლეობას ულუკმაპუროდ ტოვებენ. ყველაფერი კი ხდება ახმეტა-თელავის მაორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ჩარევით. გაიყიდა რუისპირის მიწები ისე, რომ არავის არაფერი უთხრეს. რუისპირის გარდა, მიწებს ყიდიან სოფელ იყალთოშიც. გელა სამხარაულის უკან დგომით, ბიზნესმენი გელა რამაზაშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების„ შემომწირველია, აპირებს ერთადერთი საძოვრის ყიდვას. ყველას პირობას ვაძლევ, რომ ერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ გელა სამხარაულს’’, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს სოფელ იყალთოს მოსახლეობის ნაწილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მივიდა და წარმომადგენლობით ორგანოს საძოვრების შესაძლო გაყიდვის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოსთხოვა, რომელმაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.