პრემიერი – კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში
,,კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება – გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ახაშენში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე.
კვირიკაშვილმა ისაუბრა თუშეთთან დამაკავშირებელი ახალ გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი გზა თბილისიდან თუშეთის მიმართულებით მგზავრობის დროს სამჯერ შეამცირებს.
„მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თბილისიდან სამჯერ შევამციროთ საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით. ეს ყველაფერი ერთიანობაში მოიტანს გაცილებით უფრო მაღალ დინამიკას და რა თქმა უნდა, ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას რეგიონში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.