თელავის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მხარეებს შორის დაპირისპირება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.
პოლიციის მოსვლამდე სოფელ რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობამ საკრებულოს გაყიდული საძოვრების დღის წესრიგში შეტანა მოსთხოვა, რომელმაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ისინი ამბობემ, რომ სოფელ რუისპირში ხელისუფლებამ 45 ჰა მიწის ფართობი უკანონოდ გაასხვიდა, ხოლო იყალთოში კი იგეგმება საძოვრების გაყიდვა. საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, მიწების გაყიდვაში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული. სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის სიძეა.
,,ეს ხალხი ხელისუფლებისგან მოტყუებულია, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ხმა მისცეს. ერთადერთ არტერიას, სოფლის საძოვარს, სადაც მოსახლეობამ ის ერთი ძროხა, რომელიც ყავს უნდა გაიყვანოს და აბალახოს, იმასაც უყიდიან და ულუკმაპუროდ ტოვებენ. ყველაფერი კი ხდება ახმეტა-თელავის მაორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ჩარევით. გაიყიდა რუისპირის მიწები ისე, რომ არავის არაფერი უთხრეს. რუისპირის გარდა, მიწებს ყიდიან სოფელ იყალთოშიც. გელა სამხარაულის უკან დგომით, ბიზნესმენი გელა რამაზაშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების„ შემომწირველია, აპირებს ერთადერთი საძოვრის ყიდვას. ყველას პირობას ვაძლევ, რომ რუისპირის მიწასაც დავაბრუნებინებ და იყალთოს მიწასაც არ გავაყიდინებ,’’- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე კი „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გიორგი ბოტკოველის მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა იყო.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო მოსული იმისთვის, რომ ჩაეშალა სხდომა და ხელი შეეშალა მუშაობაში. ჩვენ შევთავაზეთ მიწების საკითხის განხილვა დღის წერსრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ, მას კი მოსმენაც არ უნდოდა. რაც შეეხება მიწების გასხვისებას, აქ უკანონო არაფერი მომხდარა და ის კანონის დაცვით გასხვისდა. მიწას ჰყავს კერძო მფლობელი. რაც შეეხება გელა სამხარაულის ინტერესებს, ესეც ტყუილია’’,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
სოფელ რუისპირისა და იყალთოს მიწების გასხვისებაში ხელისუფლების ჩინოვნიკების ინტერესს ხედავს ევროპული საქართველოც. პარტიის წარმომადგენლის, ზურაბ ნაცარაშვილის ინფორმაციით, რუისპირში მოსახლეობა მიწას საძოვრებად იყინებდა, ხოლო გასხვისების შემდეგ მას სტატუსი უკანონოდ შეუცვალეს.
,,ამ ადგილს სოფელ რუისპირის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა. მაღალი თანამდებობის პირების ჩარევით მას შეუცვალეს სტატუსი და მოსახლეობისგან ფარულად მთავრობასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს მიყიდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მიწები უნდა დაანაწევრონ, პატარა სახლები აშენონ და უცხოელებზე გაასხვისონ. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ამას არ დავუშვებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ’’, -განაცხადა პარტია ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურა ნაცარაშვილმა.
,,გაასხვისეს მიწები რუისპირში, ახლა ორ ადგილას, იყალთოში, ასხვისებენ მიწას. ერთი 45 ჰექტარია, მეორე – 9 ჰექტარი. უკვე შემოღობეს ტერიტორია და დარგეს კაკლის ნერგები. არ დავუშვებთ მიწების გასხვისებას, იმ შემოვლებულ ღობეს მოვშლით და ნერგებს ამოვყრით. ბოლომდე ვიბრძოლებთ‘’,- განუცხადა knews.ge-ს სოფელ იყალთოს მკვიდრმა ალექსანდრე იმკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის გამოც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. დილიდან საკრებულოს სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრებოდა. ადგილობრივები დღის წესრიგის შეცვლას და პირველ საკითხად გაყიდული საძოვრების საკითხის გატანას ითხოვდნენ.