ახალი ამბები

კახური ღვინის გაყიდვიდან შემოსული თანხა ქართული კულტურის კვლევას მოხმარდება

ღვინო “საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის” პროდუქტია, რომელიც წარმოებულია 2013 წლის მოსავლის, რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან. 
კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ ღვინო გაუფილტრავია და დავარგებულია ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით. მათივე ინფორმაციით, თეთრი, მშრალი ქვევრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით და გემოთი. “კვლევის ცენტრის” წევრებმა ღვინო 2016 წელს ჩამოასხეს. 
“კვლევის ცენტრის ღვინო” ქართული ღვინის ბაზარზე გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ქართული კულტურის სამეცნიერო კვლევას ემსახურება. ეტიკეტზეც განთავსებულია შემდეგი ტექსტი: “ქართული კულტურის კვლევისთვის! ყოველი გაყიდული ბოთლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქართული კულტურის სამეცნიერო კვლევას”- განუცხადეს knews.ge-ს ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრში”.