სტატიები

კახეთში ეთნიკური აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და “ახალ დღეს” ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია დღეღამსწორობას უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ 21 მარტიდან, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. დღესასწაულს კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები სამი დღის განმავლობაში რიტუალებით და ტრადიციული წესების დაცვით ზეიმობენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა, თუმცა გაზაფხულის პირველ დღეებში დღესასწაულს დღესაც აღნიშნავენ. ადგილობრივები დღესასწაულისთვის წინასწარ იწყებენ მზადებას. ეთნიკური აზერბაიჯანელები ბუნიობის დაწყებამდე ოთხ სამშაბათს ზეიმობენ: სუ ჩერშენბე ახშამი (წყლის სამშაბათი), ოდლუ ჩერშენბე ახშამი (ცეცხლის სამშაბათი), ტორპაგ ჩერშენბე ახშამი (დედამიწის განახლების სამშაბათი) და ახირ ჩერშენბე ახშამი (ქარის გამოცოცხლების დღესასწაულია). თითოეული სამშაბათი, დედამიწის ამა თუ იმ სტიქიას განასახიერებს. ზამთრის ბოლო ოთხი სამშაბათის აღნიშვნა ისევე მნიშვნელოვანია ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, როგორც ახალი წელი. 
„იორმუღანლოში შემორჩენილია ტრადიციები, რომლის მიხედვით ზათრის ბოლო თვიდან ბუნება იღვიძებს. პირველ კვირას იღვიძებს ჰაერი, მეორე კვირას წყალი, მესამე კვირას მიწა და ბოლოს მეოთხე კვირას დგება სითბო და აღინიშნება ახალი წლის დაწყება – ნოვრუზ ბაირამი. ეს არის დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის მოსვლის და დედამიწის გამოცოცხლების დღესასწაული’’, – განუცხადა knews.ge-ს ელვინ კარიმოვმა.
ნოვრუზ ბაირამი 3 დღე გრძელდება. ამ დღეს ყველა ხალისიანია, ყველა ოჯახშია ხორბლის ჯეჯილი ,,სემენი “, რომელიც ახალი სიცოცხლის, განახლებისა და გაზაფხულის სიმბოლოა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები როვლან ქელენდაროვის ოჯახი ბაირამობის დღესასწაულზე ტრადიციულად” ფახლავას” და კერძს “დოუგას” ამზადებს.
,,ნოვრუზ ბაირამი არის სიყვარულისა და სიფაქიზის დღესასწაული. ნოვრუზ ბაირამის დროს აზერბაიჯანელები ნათესავებთან, ავადმყოფებთან და გაჭირვებულ ადამიანებთანაც მიდიან და საკვებით ეხმარებიან მათ’’, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას როვლან ქელენდაროვმა.
სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები კაზამფარ მამედოვი ამბიობს, რომ ნოვრუზ ბაირამი საერო დღესასწაულია და მას კავშირის არ აქვს მუსულმანურ რელიგიასთან. დღესასწაულისთვის ყველა ოჯახში ჯეჯილი, შეღებილი კვერცხი და სხვადასხვა ტრადიციული კერძია. 
„ჩვენთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მნიშვნელოვანია. მას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან, იგი საერო დღესასწაულია. დღესასწაულისთვის ყველა ოჯახი ემზადება. მზადდება ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ტოლმა, ფახლავა, წითელი კვერცხი და სხვა. სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად არის სპეციალურად მომზადებული ფლოვი, რომელსაც ოჯახის დიასახლისები სხვადასხვანაირად ამზადებენ და სასურველ არომატებს უკეთებენ“, – განუცხადა knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.
2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ეთნიკური უმცირესობის მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს.
,,ბაირამობას უძველესი დროიდან ავღნიშნავთ. დღესასწაული ოთხი კვირით ადრე, ბუნების 4 შემადგენელი ნაწილის, წყლის, ცეცხლის, ქარის და მიწის აღნიშვნით იწყება. ბოლო სამშაბათს, ვუწოდებთ მიწის სამშაბათს, ოჯახები საფლავებზე გადიან და ლოცვებს კითხულობენ. 21 მარტი კი დღესასწაულის პიკია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა, რადგანაც ის ტრადიციის განსაკუთრებული ნაწილია. მზადდება 7 სახეობის კერძი, სუფრის გაწყობის შემდეგ კი ოჯახის წევრები იკრიბებიან, საუბრობენ, მღერიან, უკრავენ მუსიკალურ საკრავებზე და ცეკვავენ. გარდა ამისა, დღესაწაული სხვადასხვა ტრადიციით არის დატვირთული. ბოლო სამშაბათს, ბავშვები კარებზე აკაკუნებენ და ქუდებს ტოვებენ, სახლის დიასახლისი კი მას ტკბილეულით ავსებს. დღესასწაულის დღეს იმდენ სანთელს ანთებენ, რამდენი ოჯახის წევრიც ჰყავთ. ქუჩებში კოცონი ინთება, ოჯახები ამ კოცონის გარშემო იკრიბებიან, ხელჩაკიდებულები ცეცხლის ირგვლივ ცეკვავენ, შემდეგ კი ხელჩაკიდებულები ცეცხლზე ხტებიან. არსებობს რწმენა იმის, რომ ამ დროს ადამიანები ცუდი ენერგეტიკისგან იწმინდებიან“, – აცხადებს ფილოლოგიის დოქტორი, მაჰმუდ გაჯიხალოვი.